რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA უკრაინაში შეამოწმებს ობიექტებს, სადაც რუსეთის ბრალდებით, "ბინძურ ბომბებზე" მუშაობენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, რუსეთის "ბინძური ბომბის" ბრალდებების ფონზე, ორგანიზაციის ინსპექტორები უკრაინაში უახლოეს მომავალში შეამოწმებენ ორ ბირთვულ ობიექტს.

რაფაელ გროსის თქმით, ერთი თვის წინ სააგენტომ ამ ორი ობიექტიდან ერთ-ერთი შეამოწმა და ყველაფერი ნორმების შესაბამისად იყო.

აქამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ IAEA-ს თავად სთხოვა, შეემოწმებინათ ობიექტები, სადაც, რუსეთის ბრალდებით, "ბინძურ ბონბებზე" მუშაობდნენ.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე "ბინძური ბომბის" საკითხის განხილვას აპირებდნენ.

23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც.

სერგეი შოიგუს ბრალდება Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო დმიტრო კულებამ. მისი თქმით, რუსები ხშირად სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თავად გეგმავენ.

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა ერთობლივ განცხადებაში რისეთის ბრალდებას "ცხადი სიცრუე" უწოდეს.

კომენტარები