დიდი ბრიტანეთი

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პირველი ინდური წარმოშობის და ინდუისტი პრემიერმინისტრი იქნება

REUTERS/Hannah McKay

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პირველი ფერადკანიანი, ინდური წარმოშობის, ინდუისტი პრემიერმინისტრი გახდება. ეს ბრიტანეთის, როგორც მულტიკულტურული და მრავალრელიგიური საზოგადოების ევოლუციაში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულებში ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში არაერთი ფერადკანიანი პოლიტიკოსი იყო, მათ შორის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების საკვანძო პოსტებზე, გაერთიანებულ სამეფოს აქამდე არ ჰყოლია ფერადკანიანი პრემიერმინისტრი.

"ეს ისტორიული მომენტია, რომელიც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ათწლეულის წინ. ეს გვაჩვენებს, რომ ბრიტანეთში საჯარო სამსახურის უმაღლესი თანამდებობები შეიძლება იყოს ღია ყველა რწმენისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანისთვის".  – ამბობს სუნდერ კატვალა, British Future-ის ანალიტიკოსი.

რიში სუნაკი დივალის დღესასწაულზე დაუნინგ სთრითზე სანთლებს ანთებს; ნოემბერი, 2020 წელი. Leon Neal/Getty Images

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, სახელმწიფო ხაზინის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი იბრძოდა, თუმცა, დღეს, მორდონტმა კანდიდატურა უკან გაიწვია.

ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქმვა, რომ მან 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოაგროვა, თუმცა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კენჭს არ იყრის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში წელს უკვე მეორედ, კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი აირჩიეს. 

კომენტარები