ისრაელი

სირია ისრაელს დამასკოს სამხრეთით საჰაერო თავდასხმაში ადანაშაულებს

ისრაელის ავიაგამანადგურებლები საბერძნეთში ჩატარებულ საავიაციო საერთაშორისო წვრთნებზე, 2022 წლის 3 აპრილი.

სირიის ხელისუფლება ისრაელს დედაქალაქ დამასკოს სამხრეთით საჰაერო თავდასხმებში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სირიულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს სამხედრო წყაროები უდასტურებენ. 

"ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა სწრაფად იმოქმედეს და ისრაელის ჭურვების უმეტესობა ჩამოაგდეს". - თქვა ანონიმურმა წყარომ და აღნიშნა, რომ თავდასხმები ადგილობრივი დროით 21 ოქტომბრის 23:00 საათზე დაიწყო. 

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ, რომელიც ლონდონში მდებარეობს, თავდასხმების შესახებ ცნობები დაადასტურა და დასძინა, რომ საჰაერო დარტყმები დიმასის სამხედრო აეროპორტის მახლობლად, რიფ დიმაშქის დასავლეთითაც განხორციელდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, განადგურდა დიმასის სამხედრო აეროპორტის მიმდებარედ არსებული ირანული კამიკაძე დრონების ქარხანა, რომელიც ირანული თვითმფრინავების ასაწყობად გამოიყენებოდა.

სავარაუდო თავდასხმა პირველია 17 სექტემბრის დამასკოს აეროპორტზე დარტყმის შემდეგ, რომელსაც 5 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მანამდე, 31 აგვისტოს სირიამ ისრაელი ორ ახალ იერიშში დაადანაშაულა. პირველი იერიში ალეპოს საერთაშორისო აეროპორტთან მოხდა, მეორე კი დედაქალაქი დამასკოს შემოგარენში.

სირიის სამთავრობა მედიაში, SANA-ში ამბობენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა აეროპორტი. 

ალეპო ჩრდილოეთ სირიაში, თურქეი საზღვართან ახლოს მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქია. ჩვეულებრივ, ამ რეგიონში იერიშები, რომელთაც ისრაელს მიაწერენ, იშვიათია.

ალეპოზე იერიშის შემდეგ, სირიის სამთავრობო მედია SANA-ში თქვეს, რომ მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები კიდევ ერთი თავდასხმის წინააღმდეგ, ამჯერად დამასკოში გააქტიურდა. სირიის მხარის მტკიცებით, მათ რამდენიმე რაკეტის მოგერიება შეძლეს.

ღია წყაროებზე მომუშავე სადაზვერვო ჯგუფის, Aurora Intel-ის ცნობით, ოთხშაბათს, 31 აგვისტოს ალეპოს აეროპორტში დაეშვა ირანის სანქცირებული თვითმფრინავი.

გასულ დღეებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ სირიაში "ისრაელის იერიშების სახიფათო პრაქტიკას" და იერუსალიმს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს იშვიათად აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

კომენტარები