ისრაელი-რუსეთი

ლავროვი: კატეგორიულად ვგმობთ სირიაში ისრაელის იერიშების სახიფათო პრაქტიკას

სერგეი ლავროვი
AP

23 აგვისტოს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაგმო სირიაში ისრაელის იერიშები და იერუსალიმს სირიის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.

"კატეგორიულად დავგმეთ სირიის ტერიტორიაზე ისრაელის იერიშების სახიფათო პრაქტიკა, მათ შორის ძალიან შემაშფოთებელი ეპიზოდი, როცა 10 ივნისს დამასკოს საერთაშორისო აეროპორტს დაესხნენ თავს, რასაც მოჰყვა ტარტუსის პორტზე იერიშები. ისრაელისგან მოვითხოვთ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის პატივისცემასა და პირველ რიგში სირიის არაბული რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას". – თქვა ლავროვმა. 

აქამდე, ივლისის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ისრაელისგან სირიაში იერიშების უპირობო შეწყვეტას ითხოვდა.

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. 

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

რუსეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად სირიის კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო.


უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გაუარესება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებს მოჰყვა. 

"მერე რა რომ ზელენსკი ებრაელია. ეს ფაქტი უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა... ზოგიერთი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია". – თქვა სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან საუბრის დროს, რასაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაფიდისგან უარყოფითი შეფასება მოჰყვა და ამ სიტყვებს "საშინელი ისტორიული შეცდომა" უწოდა. ლაფიდის თქმით, ისრაელი რუსეთისგან ბოდიშს ელოდა. 

ისრაელის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მათ მიმართ ლავროვის სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

13 მაისს, როდესაც ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში იერიში მიიტანეს, ცნობების მიხედვით, მათ სირიაში მყოფმა რუსულმა ძალებმა С-300-ის ტიპის ჰაერსაწინააღდეგო სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელმა უკრაინაში ჩაფხუტები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები გაგზავნა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს აღჭურვილობა სამოქალაქო ორგანიზაციისა და სამაშველო ძალების წარმომადგენლებს მოხმარდებოდა.

ივლისის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა უწყების სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშებთან დაკავშირებით. განცხადებაში რუსული მხარე ისრაელისგან ითხოვდა, რომ სირიაში თავდასხმები უპირობოდ შეეწვიტათ.

კომენტარები