ნიკოლოზ ბასილაშვილი

"გაფორმდა ფემიციდი" – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი გადაწყვეტილებაზე

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად". 

"თავად მოსამართლე - მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა - 0. ცოდნა - 0. ობიექტურობა - 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თითოეული შეფასება". - წერს სოციალურ ქსელში ანა აბაშიძე. 

დღეს, 20 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმე 2020 წლიდან მიმდინარეობდა. ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სდებს ბრალს. ჩოგბურთელი ბრალდებას უარყოფს - მისი ოჯახის განცხადებით, "არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა".   

ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

როგორც ნელი დოროყაშვილი ყვებოდა, ბასილაშვილმა მასზე ფიზიკურად მაშინ იძალადა, როდესაც შვილს წასაყვანად მიაკითხა - დოროყაშვილი ამბობს, რომ ჩოგბურთელი მას ფიზიკურად ბავშვის თვალწინ გაუსწორდა. მისივე თქმით, კონფლიქტში ბასილაშვილის მამაც ჩაერთო და მას და ბავშვს "დიდტარიანი საგნით" გაეკიდა.

2020 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. 24 მაისს სასამართლომ მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - ბასილაშვილმა საპატიმრო იმავე დღეს დატოვა.  

მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.   

მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა. ამასთან ერთად, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2020 წლის აღკვეთის ღონისძიება - ბასილაშვილისთვის 100 - ლარიანი გირაოს შეფარდებაზე.

კომენტარები