დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, 29 სექტემბერს, შავი ზღვის თავზე სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავის მახლობლად რუსულმა ავიაგამანადგურებელმა რაკეტა ისროლა. ამის შესახებ უოლასმა თემთა პალატას განუცხადა.
უოლასის თქმით, შემთხვევა შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, 29 სექტემბერს მოხდა. მისი თქმით, სამეფო საჰაერო ძალების შეუიარაღებელი თვითმფრინავ RC-135 Rivet Joint-ს შეხება ჰქონდა Су-27-ის ტიპის ორ რუსულ ავიაგამანადგურებელთან, რომელთაგან ერთ-ერთმა "სამეფო საჰაერო ძალების Rivet Joint-ის მახლობლად, თვალთახედვის არის მიღმა რაკეტა გაისროლა".
უოლასის თქმით, რუსეთმა რაკეტის გასროლა ტექნიკურ გაუმართაობას დააბრალა.
"პატრულირება დასრულდა და თვითმფრინავი საკუთარ ბაზაზე დაბრუნდა. ამ პოტენციურად სახიფათო შემთხვევის შემდეგ, მე ჩემი შეშფოთება პირდაპირ გადავეცი მოსკოვში ჩემს რუს კოლეგას, თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და თავდაცვის შტაბის მეთაურს... ჩემს წერილში ხაზი გავუსვი, რომ თვითმფრინავი შეუიარაღებელი იყო, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და მიჰყვებოდა წინასწარ შეტყობინებული ფრენის მარშრუტს. მიმაჩნია, რომ გონივრული იყო ამ პატრულირების შეჩერება, რუსეთის მიერ პასუხის მიღებამდე.". – თქვა უოლასმა.
უოლასის თქმით, მან რუსეთისგან პასუხი10 ოქტომბერს მიიღო და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღიარა, რომ შემთხვევა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა.
"რუსეთის თავდაცვის მინისტრის 10 ოქტომბრის პასუხში ნათქვამი იყო, რომ მათ ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარეს და მათი თქმით ეს ავიაგამანადგურებელი Су-27-ის ტექნიკური გაუმართაობა იყო. მათ ასევე აღიარეს, რომ ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა". – თქვა უოლასმა.
უოლასის თქმით, მათმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში პატრულირება აღადგინეს, თუმცა მოიერიშე თვითმფრინავებთან ერთად.