საერთო სასამართლოები

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების პროექტი სამი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით, 101 ხმით მიიღო. მას მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი გუნდის წევრებმა, ისე ოპოზიციის დეპუტატების ნაწილმა. კერძოდ, კანონპროექტს ხმა მისცა ქართული ოცნების 70-მა (ესწრებოდა 70), ნაციონალური მოძრაობის 5-მა (ესწრებოდა 20), ლელოს 2-მა (ესწრებოდა 2), გირჩის 2-მა (ესწრებოდა 3), ევროპელი სოციალისტების 4-მა (ესწრებოდა 4), და 18-მა უფრაქციო დეპუტატმა (ესწრებოდა 21). წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, კანონპროექტის მიღებით სრულდება ევროკავშირის რეკომენდაციების მე-11 პუნქტი.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ცვლილების შედეგად, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სავალდებულო იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის არსებობა.

"მისი ფუნქცია მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობაში ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება იქნება" - აცხადებს საკანონმდებლო ორგანო.

კომენტარები