რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის მარიონეტულმა რეჟიმმა მოსახლეობის დნეპრის მეორე სანაპიროზე გადაადგილება დაიწყო

ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ ოლქის მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე "ორგანიზებული გადაადგილება" დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქი ოლეშკის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"ხერსონში დაიწყო მოსახლეობის ორგანიზებული გადაადგილება დნეპრის მეორე სანაპიროზე. ამისთვის ამოქმედებულია ბორნები, რომლებსაც ხალხი ხერსონიდან ალიოშკასა (ოლეშკი) და გოლაია პრისტანში (გოლა-პრისტანი) გადაჰყავთ. აქვე განათავსებენ დროებითი განსახლების პუნქტს, სადაც უკვე მაშველები გაანაწილებენ მგზავრობის მიმართულებას, რომელსაც თავად ადამიანის სურვილის მიხედვით აირჩევენ". – წერს ქალაქი ოლეშკის მარიონეტული ადმინისტრაცია საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

ამას გარდა, ხერსონის ოლქში ერთი კვირით აკრძალეს სამოქალაქო პირთა შესვლა.

ხერსონის მარიონეტულ რეჟიმს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა სურს. ამის შესახებ 18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ ისაუბრა. სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.

სალდომ 18 ოქტომბერს თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაუყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები