საქართველოს პარლამენტი

ხვიჩია: ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში "კანონიერი ქურდების" უფლებებს დავიცავ

ტაბულა

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ომბუდსმენად არჩევის შემხვევაში "კანონიერი ქურდების" უფლებებს დაიცავს, რადან ფიქრობს, რომ ქურდული სამყაროს შესახებ კანონი ადამიანებს არა მათი ქმედების, არამედ რწმენისთვის სჯის. ამის შესახებ ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და დეპუტატებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

იაგო ხვიჩიას თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებების დასაცავად  კანონპროექტის ინიცირებასაც აპირებს. 

"იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით - ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად - ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ქვეყნიდან გაძევება. ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს".- ამბობს იაგო ხვიჩია. 

მისივე თქმით, ეს დამოკიდებულება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს და ამისთვის იბრძოლებს. 

"მე, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის, თუმცა არა იმიტომ, რომ ვინმე მათგანს ვიცნობ. მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არცერთ "კანონიერ ქურდს" არ ვიცნობ პირადად. არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ უსამართლობა დავაფიქსირო".- თქვა იაგო ხვიჩიამ. 


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მიხედვით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. "კანონიერი ქურდობა" ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. კანონის მიხედვით, ასევე დასჯადია ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა. "ქურდული საქმიანობის" მხარდაჭერა, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა, ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებელის ან უპირატესობის მიღება. 

კომენტარები