დიდი ბრიტანეთი

თრასი: ბოდიშს ვიხდი დაშვებული შეცდომისთვის, თუმცა, არსად წასვლას არ ვაპირებ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა თავის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ პროგრამაში დაშვებული შეცდომებისთვის, რომელმაც ინვესტორების ნდობის შემცირება და გამოკითხვებში მისი კაბინეტის რეიტინგის დაცემა გამოიწვია, ბოდიში მოიხადა. თუმცა, აღნიშნა, რომ იგი ამის გამო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

"მსურს, პასუხისმგებლობა ავიღო და დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიში მოვიხადო. მინდოდა, რომ ჩემი ქმედებებით მოსახლეობისთვის ენერგიის მაღალი გადასახადის ტვირთი შემემსუბუქებინა, თუმცა, ჩვენ ძალიან სწრაფად, ძალიან შორს წავედით". - თქვა თრასმა BBC-სთან ინტერვიუში.

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა, რომელიც 14 სექტემბერს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც თრასმა კვასი კვარტენგი გაათავისუფლა, დღეს, 18 სექტემბერს ახალი დღის წესრიგი წარადგინა, სადაც საუბარია ენერგეტიკული მხარდაჭერისა და თრასის მიერ შემუშავებული გადასახადების სქემის შემცირებაზე.

კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად მისი პრემიერმინისტრობა მხოლოდ ფორმალური, თრასმა აღნიშნა, რომ მან ჰანტი დანიშნა, რადგან იცოდა, რომ გეგმის მიმართულება უნდა შეცვლილიყო. 

"ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ მოქმედება ჩემთვის სრული უპასუხისმგებლობა იქნებოდა. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ არსებული პოლიტიკა შევცვალეთ". - ამბობს თრასი.

თრასმა, რომელიც ქვეყნის პრემიერმინისტრი თითქმის 6 კვირის წინ გახდა, თქვა, რომ მომავალ არჩევნებში იგი კონსერვატიულ პარტიას უხელმძღვანელებს.

"ვრჩები, რადგან მათ მე ამირჩიეს, რათა ამ ქვეყანას ვემსახურო და ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც ვაპირებ". - დასძინა თრასმა.  

14 ოქტომბერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა ფინანსთა მინისტრი, კვასი კვარტენგი გაათავისუფლა და ნაწილობრივ შეცვალა გადასახადების შემცირების გეგმა. კვარტენგის ცნობით, მან თანამდებობა თრასის მოთხოვნით დატოვა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონიდან ლონდონში დაბრუნდა.

გასათვალისწინებელია, რომ ტრასმა და კვარტენგმა, რომელიც ხაზინის კანცლერი იყო, უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი მოახმარეს გადასახადების გეგმის შემცირების განხორციელებას. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გადასახედების შემცირება გაზრდიდა ეკონომიკურ სტიმულებს - ამ გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საკუთარი პარტიის მხრიდან. ასევე, შეასუსტა ფუნტი, რომელიც დოლართან მიმარტებით რეკორდულად დაეცა.

  • კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი 19%-დან 25%-მდე გაიზრდება

ტრასმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან გაზრდის საკვანძო ბიზნესების გადასახადებს, რათა 18 მილიარდი ფუნტის მოზიდვა შეძლოს. მან აღიარა, რომ მისი ეკონომიკური გეგმა "იმაზე სწრაფად და ფართოდ ხორციელდებოდა", ვიდრე ბაზრები მოელოდნენ. 

თვის დასაწყისში, მთავრობამ გეგმის ფართოდ გაკრიტიკებულ ნაწილზე უკვე თქვა უარი, რომელის მიხედვითაც ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიან პირებს გადასახადები შეუმცირდებოდათ. 

კომენტარები