რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

REUTERS: აშშ უკრაინაში $725 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალასა და იარაღს გაგზავნის

REUTERS/Tom Brenner/File Photo

აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით $725 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო. Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი დახმარების პაკეტი სავარაუდოდ საბრძოლო მასალასა და მანქანებს შეიცავს, თუმცა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს - არა. 

წყაროების ცნობით, თეთრი სახლის მიერ დახმარების პაკეტის ოფიციალურ გამოცხადებამდე, მისი შინაარსი და ღირებულება შეიძლება შეიცვალოს.

აღნიშნული დახმარების პაკეტი პირველია მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო დღეებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. 

აქამდე, 12 ოქტომბერს ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მაქსიმალურად სწრაფად მიაწვდის.

ოსტინმა აღნიშნა, რომ რამშტაინის ფორმატის შეხვედრის ყველა მონაწილეს - 50 ქვეყნის მაღალჩინოსნებს ესმით, თუ რამხელა შეშფოთებას იწვევს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა. 

"უკრაინელი ხალხის დასაცავად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და რაც მთავარია - ძალიან სწრაფად. უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია 50-ივე სახელმწიფოს მაღალჩინოსნებისთვის, მათი ჩართულობა ხელს უწყობს ძალების იმაზე სწრაფად მობილიზებას, ვიდრე ეს სხვაგვარად იქნებოდა შესაძლებელი". - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა. 

12 ოქტომბერს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-6 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უფრო თანამედროვე სისტემების მიწოდებას დაეთმო. 

10 ოქტომბრიდან დღემდე რუსეთის 100-ზე მეტ სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 26 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები