რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე, პუტინი ხვდება, რომ უძლეველი აღარ არის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის ფონზე, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხვდება, რომ რუსეთი ზესახელმწიფო აღარ არის. 

გამოცემა Standard-თან ინტერვიუში უოლასმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ პუტინის დამარცხება აუცილებელი იყო, რათა ეჩვენებინა, რომ "მილიონობით ადამიანის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრით და ადამიანის სიცოცხლის ღირებულების გაუთვალისწინებლობით, ომს ვერ მოიგებ".

უოლასის თქმით, დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინელების წვრთნების შემდეგ, ჩვეულებრივი უკრაინელი ჯარისკაცი რუს ჯარისკაცზე უკეთ მომზადებულია.

"ყოველ ჯერზე საზოგადოება არასაკმარისად აფასებდა უკრაინის შესაძლებლობებს, ხოლო რუსეთს - გადაჭარბებულად. თუმცა პუტინს უკანა ჯიბეში მილიონობით ადამიანი ჰყავს, რომლებიც ხორცსაკეპ მანქანაში ყოველგვარი წესებისა და მათი სიცოცხლის ღირებულების გათვალისწინების გარეშე ხვდებიან.

თუ პუტინის ტაქტიკა წარმატებული იქნება, ეს მსოფლიოსთვის გზავნილია - რომ ასე ომების მოგება შესაძლებელია. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, ამას ვერ დავუშვებთ". - თქვა უოლასმა. 

ასევე, უოლასი Standard-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინს უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი მცდელობა - "ეს დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეებისთვის 1945 წლიდან დადებული ტაბუს დარღვევა იქნება, რომელიც რუსეთისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს". - აღნიშნავს ბრიტანელი მაღალჩინოსანი.

კომენტარები