ვაკის პარკის რეაბილიტაცია

კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციის II ეტაპი დასრულდა, ძალიან მაგარი გამოვიდა

ვაკის პარკის განახლების მეორე ეტაპი, რომელიც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად, დასრულდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი გამოვიდა, ულამაზესია. არსებული შადრევნების კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და არ მუშაობდა. ჩვენ კასკადის კონსტრუქციის სრულად განახლება იმავე მასალითა და ვიზუალით გადავწყვიტეთ, რაც არსებობდა. მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა, დამონტაჟდა სრულიად თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც არის ავტომატიზირებული. ასევე, განხორციელდა განათების ახალი სისტემის მონტაჟი, რომელიც პარკის ვიზიტორებს ნამდვილ სანახაობას შესთავაზებს.

რაც შეეხება სამუშაოების მესამე ეტაპს, რომელიც ცენტრალური კასკადის რეაბილიტაციას გულისხმობს, დღესაც მიმდინარეობს და 2023 წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება. როგორც იცით, ვაკის პარკში სრული რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე ხორციელდება, რადგან ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სივრცე და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პირვანდელი სახე შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მთავარი პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს. ეს არის ადგილი, რომელმაც თაობები გაზარდა.

თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები