სპორტული ფედერაციები

რამდენიმე ფედერაცია სპორტის სფეროს კულტურის სამინისტროსგან გამოყოფას ითხოვს

რამდენიმე ფედერაცია სპორტის სფეროს კულტურის სამინისტროსგან გამოყოფას ითხოვს. ამის შესახებ ფედერაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ფედერაციების წარმომადგენლების თქმით, სპორტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოყოფის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პეტიციაც მომზადდება, რომელიც პრემიერმინისტრსა და პარლამენტს გადაეგზავნება.

კულტურის სამინისტროსგან სპორტის გამოყოფის მოთხოვნას უერთდებიან: კრივის, ფარიკაობის, სამბოს, ნიჩბოსნობისა და კანოეს, ბილიარდის, ფრენბურთის, შერეული ორთაბრძოლების, სასკოლო სპორტისა და პარალიმპური სახეობების ფედერაციები.

აღნიშნული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროსთან დაქვემდებარების პერიოდში, სპორტი მეორეხარისხოვანია და სფეროს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ისინი ასევე საუბრობენ, რომ პრობლემებია კომუნიკაციის, სტრუქტურული გამოწვევებისა და დაფინანსების მხრივ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა, რომელიც კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ღიად დაპირისპირებულია.

"ჩვენ, სპორტული საზოგადოება ბატონ პრემიერს თხოვნით მივმართავთ, რომ თუ შესაძლებელია, სპორტი, როგორც დარგი, კულტურის სამინისტროს გამოეყოს და ცალკე სამინისტრო ან დეპარტამენტი შეიქმნას. ვფიქრობთ, რომ ვინც სპორტს კურირებს და ხელმძღვანელობს, აუცილებლად უნდა ესმოდეს და იცოდეს ის, თუ რა სჭირდება სპორტულ ფედერაციებს". - ამბობს წიკლაური.

სპორტული ფედერაციების მოთხოვნას მინისტრი წულუკიანიც გამოეხმაურა.

"დავით წიკლაურზე მე ბევრი ვისაუბრე, რომ ის არის არავინ. რაც შეეხება სპორტის გამოყოფას კულტურის სამინისტროსგან, ამ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს და არა რომელიმე ერთი კონკრეტული მინისტრი. მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა. იქნება ეს კულტურის, სპორტის თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, მე, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი კეთილსინდისიერად ვმუშაობთ. ჩვენ თითოეული შემოქმედი და სპორტსმენი ადამიანისა და ახალგაზრდების ხელშეწყობისკენ ვართ მოწოდებული. ვისაც ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი". - ამბობს წულუკიანი.

თეა წულუკიანმა  28 სექტემბერს თქვა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური მასთან შეხვედრაზე "ფულს ითხოვდა", უარის მიღებას კი "დასარტყმელად გამოქანება" მოჰყვა. 

"ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი. მაგრამ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეებზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ. ამიტომ, ამ ადამიანს, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია, მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ.

ახლა გარკვეული ფორმა, რომელიც იანვრამდე იმოქმედებს, მაინც ვიპოვეთ, რომ კრივი დავაფინანსოთ და არა ამ კონკრეტული პიროვნების ჯიბე, რომელმაც ვერ გაიგო, სად მუშაობს. მისი, ასე ვთქვათ, დასარტყმელად გამოქანებაც იმას მოჰყვა, რომ ფულს ითხოვდა და როდესაც პასუხი მიიღო, რომ ეს ახლა შეუძლებელია, მან შეურაცხყოფა გააგრძელა. მე მას ვუთხარი - მოდი, ვიმუშაოთ და გამოაგზავნეთ, რა საჭიროებები გაქვთ და ვიმსჯელებთ-თქო, თუმცა, მისი რეაქცია ასეთი იყო. ამ ფაქტს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მე, როგორც ქალი და ამ ასაკში, ასეთი რაღაცის წინაშე პირველად აღმოვჩნდი". - თქვა მინისტრმა. 

წიკლაურმა კი ბრალდებას დაუჯერებელი უწოდა. მისი თქმით,  ის თეა წულუკიანის შურისძიების ობიექტია - მისივე ცნობით, მინისტრმა მოუწოდა, რომ თანამდებობა "ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ" დაეტოვებინა, სჯობდა, რომ საკუთარი ნებით წასულიყო, რადგან "მის უკან ოჯახი დგას". წიკლაური წერს, რომ პოსტის დატოვებაზე უარი თქვა და მზად არის, "სიმართლისთვის იბრძოლოს". 

კომენტარები