თეა წულუკიანი

წულუკიანის ბრალდება დაუჯერებელია, შურისძიების ობიექტი ვარ – კრივის ფედერაციის პრეზიდენტი

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ინტერვიუს ეხმაურება. წიკლაური დაუჯერებელ ბრალდებას უწოდებს მინისტრის განცხადებას, რომ მასზე "დასარტყმელად გაიწია".  

ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვებით, ის თეა წულუკიანის შურისძიების ობიექტია - მისივე ცნობით, მინისტრმა მოუწოდა, რომ თანამდებობა "ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ" დაეტოვებინა, სჯობდა, რომ საკუთარი ნებით წასულიყო, რადგან "მის უკან ოჯახი დგას". წიკლაური წერს, რომ პოსტის დატოვებაზე უარი თქვა და მზად არის, "სიმართლისთვის იბრძოლოს". 

"მოვისმინე ქალბატონი თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემს მიმართ. კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო.

წინა პოსტში დავწერე, კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ,სამინისტროში რომ დაგვიბარეს და ჩვენ ყველას გვეგონა უნდოდათ მოელოცათ ეს გამარჯვება... სინამდვილეში კი რასაც ქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან.. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა... და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ,რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, მერე სულ გაგვინულეს". - წერს წიკლაური.  

მისივე შეფასებით, სამინისტრო მის "მოსაშორებლად" მოქმედებს, თეა წულუკიანის განცხადება კი ამის "დაგვირგვინებაა". წიკლაური წერს, რომ ბრალდება აბსურდულია. 

"უბრალოდ, ყველაფერი ნათელია, ის ფაქტი რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე, აი სწორედ ამ სტატუსით მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ "ჩემს უკან ოჯახი დგას'' ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა.

მოკლედ როგორც ჩანს ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე ჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას... ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ.

პ.ს. რაც შეეხება მის ნათქვამს, გამეორებაც არ მინდა, კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს ქალზე რომ გაიწევს... და თან ამას დააბრალებენ... წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშიათქო. თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირსთქო. მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთქო. ხოდა აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი მის თავში, შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა... ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი". - წერს ის.  

თეა წულუკიანმა გუშინ, 28 სექტემბერს თქვა, რომ დავით წიკლაური მასთან შეხვედრაზე "ფულს ითხოვდა", უარის მიღებას კი "დასარტყმელად გამოქანება" მოჰყვა. 

"ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი. მაგრამ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეებზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ. ამიტომ, ამ ადამიანს, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია, მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ.

ახლა გარკვეული ფორმა, რომელიც იანვრამდე იმოქმედებს, მაინც ვიპოვეთ, რომ კრივი დავაფინანსოთ და არა ამ კონკრეტული პიროვნების ჯიბე, რომელმაც ვერ გაიგო, სად მუშაობს. მისი, ასე ვთქვათ, დასარტყმელად გამოქანებაც იმას მოჰყვა, რომ ფულს ითხოვდა და როდესაც პასუხი მიიღო, რომ ეს ახლა შეუძლებელია, მან შეურაცხყოფა გააგრძელა. მე მას ვუთხარი - მოდი, ვიმუშაოთ და გამოაგზავნეთ, რა საჭიროებები გაქვთ და ვიმსჯელებთ-თქო, თუმცა, მისი რეაქცია ასეთი იყო. ამ ფაქტს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მე, როგორც ქალი და ამ ასაკში, ასეთი რაღაცის წინაშე პირველად აღმოვჩნდი". - თქვა მინისტრმა. 

კომენტარები