თეა წულუკიანი

წულუკიანი: ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან რომ იყო ჩემდამი რაიმე წინააღმდეგობა, ეს არის სიცრუე. ჩვენ გვყავს მოკრივეები, რომელი ასაკისაც გნებავთ, არიან ერთი მეორეზე ღირსეულები და არა მხოლოდ თავიანთი დიდი მიღწევებით, არამედ თავიანთი ქცევებითაც. რაკი ამ თემას ასეთი გამოხმაურება ჰქონდა, გეტყვით. კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი. მაგრამ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეებზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ. ამიტომ, ამ ადამიანს, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია, მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ.

ახლა გარკვეული ფორმა, რომელიც იანვრამდე იმოქმედებს, მაინც ვიპოვეთ, რომ კრივი დავაფინანსოთ და არა ამ კონკრეტული პიროვნების ჯიბე, რომელმაც ვერ გაიგო, სად მუშაობს. მისი, ასე ვთქვათ, დასარტყმელად გამოქანებაც იმას მოჰყვა, რომ ფულს ითხოვდა და როდესაც პასუხი მიიღო, რომ ეს ახლა შეუძლებელია, მან შეურაცხყოფა გააგრძელა. მე მას ვუთხარი - მოდი, ვიმუშაოთ და გამოაგზავნეთ, რა საჭიროებები გაქვთ და ვიმსჯელებთ-თქო, თუმცა, მისი რეაქცია ასეთი იყო. ამ ფაქტს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მე, როგორც ქალი და ამ ასაკში, ასეთი რაღაცის წინაშე პირველად აღმოვჩნდი.

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა TV იმედის ეთერში. 22 სექტემბერს თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ მას, როგორც ქალ სპორტის მინისტრს, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ერთეულ სპორტულ ფედერაციებთან, რომელიც ქალის უფლებებს უკავშირდება.

კომენტარები