რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა – 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

Ukrainian activists in Georgia / Facebook

10 ოქტომბერს, 20:00 საათზე პარლამენტთან საქართველოში უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით აქცია გაიმართება. ორგანიზატორები უკრაინის მასშტაბით რუსეთის მიერ განახლებულ მასიურ თავდასხმებს აპროტესტებენ. 

"ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.

მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს, 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები". – ნათქვამია უკრაინელი აქტივისტების განცხადებაში.

აქციას უერთდება ევროპული საქართველო, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება. 

"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აგებს ბრძოლის ველზე, მაგრამ როგორც ყველა საზიზღარი, ბოროტმოქმედი რეჟიმი ის მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდება, ამას გავაპროტესტებთ დღეს ჩვენ და ყველას მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ“ - თქვა ბრიფინგზე ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, "ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის მსოფლიოში, უკრაინის მხარდაჭერა არის პირველ რიგში მორალური ვალდებულება".

"ამ ფორმით გამოხატული მაინც, საჯარო განცხადებითა და პროტესტით ამ ბოროტების წინააღმდეგ, მაგრამ ამას გარდა, ეს ჩვენი ეროვნული ინტერესიცაა. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ სამარცხვინოდ იქცევა ჩვენი მოღალატე რეჟიმი ამ ვითარებაში. დღეს ამ ტრაგედიის ფონზე ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი, კერძოდ, გოგა ხაინდრავას პირით ნათქვამი, კვლავ ნიშნის მოგებით საუბარი, მითითება იმაზე, თუ როგორ დაიჩაგრა უკრაინა და ამას აკეთებენ მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ ომისა და მსხვერპლის შიშით გაიმყარონ ძალაუფლება საქართველოში. თითქოს დანებება არის გამოსავალი, ჩაწოლა და პოზიციის არ დაფიქსირება არის ჩვენი შვილების გადარჩენა. 

ამაზე უზნეო და მოღალატეობრივი გზავნილი რთული წარმოსადგენია. სიმართლე არის სრულიად საპირსპირო, დღეს უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის და სჭირდება მსხვერპლის გაცემა იმიტომ, რომ იქამდე ვერც ჩვენ და ვერც უკრაინამ ვერ მოვახერხეთ საბჭოთა ჭაობიდან გაღწევა, რაც ლიტვა, ლატვია, ესტონეთმა და პოლონეთმა შეძლეს და ახლა არიან დაცულები. იმ პოლიტიკით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ატარებს, იმ სამარცხვინო კაპიტულაციით ამ ვითარებაზეც კი, სწორედ რომ ბევრად მეტი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს მომავალში თუ დროზე არ დავასრულეთ ეს სამარცხვინო რეჟიმი“ - ამბობს გიგა ბოკერია.
 

10 ოქტომბრის დილიდან უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ოკუპანტებმა კიევიზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს. 

კომენტარები