რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

"საიმედოდ იცავთ რუსეთის ღირსებას აშშ-სა და მისი ვასალებისგან" - კიმ ჩენ ინის წერილი პუტინს

ჩრდილოეთ კორეის გაზეთი, როდონგ შინმუნი ავრცელებს ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წერილს, რომლითაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს.

წერილის მიხედვით, კიმ ჩენ ინი პუტინს ულოცავს წლების მანძილზე რუსეთის ინტერესებისა და ღირსების საიმედოდ დაცვას და იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"დღეს რუსეთი საიმედოდ იცავს საკუთარ ღირსებასა და ფუნდამენტურ ინტერესებს აშშ-სა და მისი ვასალური ძალებისგან მომდინარე გამოწვევებისა და საფრთხეებისგან. ასეთი რეალობა წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენი გამოკვეთილი ლიდერობისა და შეუპოვრობის გარეშე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი პირადი კავშირები დიდ როლს ითამაშებენ ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მეგობრობის კონსოლიდირებასა და განვითარებაში". – წერს კიმ ჩენ ინი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა "საერთო ძალისხმევით, ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს გააძლიერებენ". ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა ფხენიანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით 15 აგვისტოს გაავრცელა. 

ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღისადმი მიძღვნილ წერილში პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მჭიდრო კავშირი ორივე ქვეყნის ინტერესებშია. მისი თქმით, ქვეყნების დაახლოება კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გაზრდის. 

აქამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის დღის აღსანიშნავად ვლადიმირ პუტინს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

"რუსი ხალხი, თქვენი წინამძღოლობით, ყველანაირ გამოწვევასა და სირთულეს გაბედულად გადალახავს. თქვენ წარმატებას სამართლიანი საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარების, ღირსების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის კუთხით მიაღწიეთ, რომელსაც ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს". - ნათქვამია ტელეგრამაში. 

კიმ ჩენ ინმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზეც ისაუბრა. მან ტელეგრამაში აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ტაქტიკური თანამშრომლობა "მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლიანობის დაცვისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე".

კომენტარები