რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

REUTERS/Tom Brenner

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყველაზე დიდი საფრთხეა კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, რადგან, ბაიდენის განმარტებით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ომის გამო მნიშვნელოვან შიდა კრიზისს განიცდის და პუტინი "არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება". 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჭრიდან მეშვიდე თვეს ქვეყანა იბრუნებს მნიშვნელოვან ტერიტორიებს, განსაკუთრებით, სამხრეთით. სწორედ უკრაინის წარმატების შეფასებისას აღნიშნა ბაიდენმა, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ არ ხუმრობს. 

"[პუტინი] არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი სამხედროები, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვან წარუმატებლობას განიცდიან". - აღნიშნა ბაიდენმა. 

პუტინმა "გააფრთხილა" უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება, რომ გამოიყენებს ყველა საჭირო საშუალებას, მათ შორის რუსეთის ბირთვულ არსენალს, რათა დაიცვას რუსული მიწა, რომელიც ახლა, მისი თქმით, მოიცავს მის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოთხ რეგიონს. 

  • "კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ჩვენ არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ვმდგავრვართ", - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

გასულ კვირებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შანტაჟი განაახლა. 

პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს თქვა, რომ საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დავიცავდნენ. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს. 

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

კომენტარები