რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში ომი გააპროტესტა, შინაპატიმრობიდან გაიქცა

Natalia Kolesnikova/AFP/Getty Images

რუსი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ომი გააპროტესტა, შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა აგვისტოში შეეფარდა. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, მას ბრალი წაუყენეს რუსი სამხედროების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ივლისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ. მისი დაკავება კვირამდე, 9 ოქტომბრამდე უნდა გაგრძელებულიყო.

ოვსიანიკოვას ყოფილი ქმრის ცნობით, ჟურნალისტი ქალიშვილთან ერთად გაიქცა. მისმა ადვოკატმა, დიმიტრი ზახვატოვმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ის წავიდა", - აღნიშნა ზახვატოვმა CNN-თან საუბრისას.

15 ივლისს ოვისანიკოვამ გამართა ერთკაციანი აქცია, რომელზეც ხელში ეჭირა ბანერი, წარწერით: "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები. 352 ბავშვი მოკვდა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ შეჩერდეთ?".

რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისის პირველ თვეებში, 14 მარტს მარინა ოვსიანიკოვა პირველი არხის საინფორმაციო გადაცემის პირდაპირ ეთერში გამოჩნდა ანტისაომარი პლაკატით, რომელზეც ეწერა: "არა ომს. შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ".

ამ ქმედების შემდეგ მოსკოვის სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა. სასამართლო ჟურნალისტს რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მუხლით ედავებოდა, რომელიც საჯარო ღონისძიების გაფრთხილების გარეშე ჩატარებას ზღუდავს.

მას შემდეგ, რაც ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხიდან გაათავისუფლეს, მან რამდენიმე თვე უცხოეთში გაატარა. 

კომენტარები