რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ, თუ მას სხვა პრეზიდენტი ეყოლება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, რუსეთთან დიალოგისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს სხვა პრეზიდენტი ეყოლება. 

"უკრაინა იყო და რჩება ლიდერი მოლაპარაკებებში. ჩვენი სახელმწიფო ის, ვინც ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაცხოვრების შესახებ შეთანხმების მიღწევას თანაბარი, პატიოსანი, წესიერი და სამართლიანი პირობებით. აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია. მან არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაუდებელი შეხვედრის შემდეგ. 

როგორც ჩანს, ზელენსკის კომენტარი ეხებოდა ვლადიმირ პუტინის ადრინდელ მოწოდებას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლების შესახებ. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ "ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადზე ხელმოწერით".

მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კომენტარები