რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ბელარუსი აეროდრომებსა და რკინიგზას სამხედროების მისაღებად ამზადებს

ალექსანდრ ლუკაშენკო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბელარუსი სამხედრო აეროდრომებსა და რკინიგზას სამხედროების მისაღებად ამზადებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ოლეკსი გრომოვმა ისაუბრა.

გრომოვის თქმით, ბელარუსში, ლუნინეცის სამხედრო აეროდრომზე გრძელდება კომპლექსის განვითარების პროცესი, ყაზარმების, საერთო საცხოვრებლების, საწყობებისა და მსგავსი შენობების რემონტი. მისი თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს ამ აეროდრომის გრძელვადიანი გამოყენების განზრახვაზე, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ლუნინეცის აეროდრომი უკრაინის საზღვრებიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ასეთივე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ზიაბროვკას აეროდრომზეც, რომელიც უკრაინის საზღვრებიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, აქ ასევე აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო С-400-ის სისტემებისა და რადიოლოკაციური სადგურების განლაგებას. ქალაქი ოსიპოვიჩის მიდამოებში კი შენიშნეს ისკანდერის სარაკეტო დივიზიონების ნაწილები.

გრომოვის თქმით, ამ ყველაფრის გარდა, ამოწმებენ რკინიგზასაც.

"გრძელდება სამხედროების გადაყვანისთვის ბელარუსული რკინიგზის შემოწმებისა და მომზადების ღონისძიებები. ასევე, არსებული ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით, გრძელდება დაცვის კერძო კომპანია გარტ-სერვისის თანამშრომლების მომზადება". – თქვა გრომოვმა.

აქამდე უკარინის დაზვერვაში გამოაცხადეს, რომ ბელარუსში რუსეთში მობილიზებული 20 000 პირისთვის განთავსების ადგილს ამზადებდნენ.

რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმის დროს უკვე გამოიყენა და ამ მიმართულებიდან თავისუფლად დაიწყეს იერიში.

კომენტარები