ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში

კრემლი მოქმედებს, როგორც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში – ბორელი რეფერენდუმებზე

John Thys/AFP/Getty Images

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, კრემლი იმავე სქემით მოქმედებს, როგორც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა.

ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს, რომელშიც როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები შევლენ.

"საერთო ჯამში, 1 300-ზე მეტი ფიზიკური პირი და სუბიექტია. ეს სია მიმართულია ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების, ოლიგარქების, სამხედრო მაღალჩინოსნების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში. რუსეთის ბოლო ესკალაციის საპასუხოდ, რომელიც 300 000-მდე ადამიანის მობილიზაციას უკავშირდება, ჩვენ გამოვდივართ დამატებითი შემზღუდველი ზომების დაწესების ინიციატივით, რომლებიც მხარს უჭერენ, ან სარგებელს იღებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრით". – თქვა ჟოზეფ ბორელმა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები