სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციისა და სამინისტროების შენობებზე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაეშვა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, რომლის შესრულების გარანტი რუსეთის ფედერაცია იყო, ქართულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გაიყვანეს. შესაბამისად, სეპარატისტების შეტევას ქალაქი დაუცველი შეხვდა.

საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.

27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.

სოხუმის დაცემის მოლოდინში მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი საზღვაო გზით დატოვა, ძირითადი ნაწილი კი კოდორის ხეობის მიმართულებით დაიძრა, სადაც ასეულობით დევნილი სიცივითა და შიმშილით დაიღუპა.

სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს. მათ მიერ მოწყობილი ეთნიკური წმენდის შედეგად 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა. აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტი ისევ მოუგვარებლად რჩება. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი დღემდე უარს აცხადებს დევნილების დაბრუნებაზე.


27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ - https://bit.ly/3QUY9tJ

კომენტარები