მობილიზაცია რუსეთში

ФСБ ლარსზე: БТР-ი მოულოდნელობებისთვისაა, თუ რეზერვისტებს პუნქტის გარღვევა მოუნდებათ

რუსული ჯავშანტრანსპორტიორი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე
Visioner

რუსული მედია РБК საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებას საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროების ჯავშანტრანსოირტიორის (БТР) გამოჩენაზე. 

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ БТР-ი გაუთვალისწინებელი, ისეთი შემთხვევებისთვისაა, თუ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში გადასვლას გამშვები პუნქტის დარღვევის მეშვეობით და გაფორმების გარეშე შეეცდებიან.

"БТР იქეთ მიდის, მაგრამ მიდის არა საგუშაგოს განსათავსებლად, არამედ, უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის რეზერვი რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს გამშვები პუნქტის გარღვევა მოუნდებათ და სასაზღვრო გაფორმების გარეშე თუ დატოვებენ ქვეყანას. მხოლოდ ამ მიზნით. არანაირ საგუშაგოს არ განათავსებენ... გამშვები პუნქტი საშტატო რეჟიმში მუშაობს, არანაირი შეზღუდვა გამოძახების ასახის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არ დაწესებულა", – აცხადებენ ФСБ-ში.

აქამდე, 26 სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსების ჯავშანტრანსპორტიორი შენიშნეს. ლარსის პუნქტთან რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელების მსურველების გრძელი, რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას. ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები