რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: არ მგონია, პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ბლეფი იყოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარები ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შესაძლოა რეალური იყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"შესაძლოა, გუშინ ბლეფი იყო. ახლა, შეიძლება იყოს რეალობა. არ მგონია, მისი ნათქვამი ბლეფი იყოს". – თქვა ზელენსკიმ.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

"თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ - ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს". - თქვა პუტინმა. 

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა

"მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს". - ამბობს პუტინი მიმართვაში. 

სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 9 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიისა და 400-მდე დასახლების გათავისუფლება შეძლეს. 

 

კომენტარები