რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთი პუტინის მიმართვის შემდეგ, მხარეებს დიალოგისა და კონსულტაციისკენ მოუწოდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ვანგ ბენბინი
REUTERS/Carlos Garcia Rawlins/File Photo

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომში დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგში ჩართვისა და კონსულტაციებისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთი "გააფრთხილა" და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

"ჩინეთის პოზიცია უკრაინის მიმართ თანმიმდევრული და მკაფიოა". - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ბენბინმა მედიის ბრიფინგზე. 

ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

"თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ - ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს". - თქვა პუტინმა. 

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა. 

"მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს". - ამბობს პუტინი მიმართვაში. 

კომენტარები