რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: პუტინის ყალბი მუქარების მოსმენის ნაცვლად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი
Stefan Rousseau/Pool via REUTERS

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარებს არ უნდა მოუსმინონ, ამის ნაცვლად, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სახით, დამატებითი ზომები უნდა მიიღოს.

"ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ მის [პუტინის] ყალბ მუქარებს. ამის ნაცვლად, უნდა გავაგრძელოთ სანქციების დაწესება და უკრაინელების მხარდაჭერა". - თქვა თრასმა. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები