ლარსის საბაჟო

BBC: რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მანქანების 10-კილომეტრიანი რიგია

საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი
ნოდარ ცხვირაშვილი / RFE/RL

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ბევრი რუსი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგია. 

BBC-ს ინფორმაციით, მოძრაობა ძალიან შენელებულია და რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე საზღვრის გადაკვეთას 20 საათზე მეტია, ელოდება. 

ასევე, ხალხის ნაკადი გაიზარდა რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. ფინეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში ჩასული რუსების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ გაორმაგდა. 

23 სექტემბერს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მხრიდან მომავალი 2 000 მანქანის რიგია შექმნილი. როგორც სამთავრობო მედია წერს, რიგი ბოლო სამ დღეში შეიქმნა. რუსული სამთავრობო მედია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობას ეყრდნობა. 

"ჩრდილოეთ ოსეთის ტესპუბლიკა ალანიის ტერიტორიაზე შეიმჩნევა 2 000 ერთეული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების შეჯგუფება, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალაბიაში შემოვიდნენ და ელიან საკუთარ რიგს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გასასვლელად". – თქვა რუსულ მედიასთან ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს წარმომადგენელმა. 

რუსეთის ფედერაციიდან გასვლის მსურველთა რიცხვი ბოლო 3 დღეში გაიზარდა. 20 სექტემბრის 06:00-სთვის მსუბუქი მანქანების რიგი გამშვებ პუნქტთან არ იყო. რაოდენობი მატება უკვე 21 სექტემბრიდან დაიწყო. 

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. 

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები