სოსო გოგაშვილის საქმე

სუს: გოგაშვილის, მისი ოჯახისა და გარემოცვის წევრების ქონებას ყადაღა დაედო

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას ყადაღა დაედო. 

კერძოდ, თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს – საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 ბინას და ქ. სიღნაღში მდებარე სასტუმროს.

ყადაღა დაედო მოძრავ ქონებასაც – 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკას და 15 ცეცხლსასროლ იარაღს.

სუს-ის ცნობით, ამ უძრავი და მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით სასაქონლო ექსპერტიზაა დანიშნული. ქონებას ყადაღა ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოსამართლის განჩინებით დაედო. გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. 


სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წარედგინა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების "მხილების კამპანია" წამოიწყო და აპირებს, ის გააგრძელოს.

21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, TI-მ და ISFED-მა გაავრცელეს მასალები, რომლებიც, მათი განცხადებით, სოსო გოგაშვილმა გადასცათ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

კომენტარები