ოკუპირებული აფხაზეთი

მარიონეტული სოხუმი სავარაუდო მობილიზაციის ცნობას პანიკის შექმნის მცდელობას უწოდებს

მას შემდეგ, რაც რუსეთში 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, ოკუპირებული აფხაზეთის მედიაში, გასულ დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პროცესი აფხაზეთსაც შეეხებოდა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ცნობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მას სიცრუე უწოდა. მათი შეფასებით, "ოპონენტები" პანიკის დათესვასა და აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუარესებას ცდილობენ. 

"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება ჩვენი ოპონენტების განზრახვის შესახებ, დათესონ პანიკური განწყობა აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთის ფედერაციის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების კონტექსტში, შედეგად, შეასრულონ დავალება აბხაზურ-რუსული ურთიერთობის ფონის გაუარესებაში". – წერია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში. 

21 სექტემბერს სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ცნობა, თითქოს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა თქვა, რომ რუსეთში მიმდინარე მობილიზაცია აფხაზეთსაც შეეხებოდა, რადგან აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის 100% რუსეთის მოქალაქეა. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც მარიონეტული აფხაზეთი სიცრუეს უწოდებს, ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთი აფხაზეთს ქართველთა წინააღმდეგ ომში დაეხმარა და ვალი უნდა გადაეხადათ.

მარიონეტულ სოხუმში ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მსგავსი რამ არ უთქვამს. 

თუმცა, მარიონეტულ სოხუმს კიდევ ერთი განმარტების გაკეთება მოუწია, რადგან ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო კომისარმა, ბესლან ტარბამ Sputnik-Абхазия-სთან თქვა თითქმის იმავე შინაარსის სიტყვები, რაც აქამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახელით გავრცელდა. 

"რა თქმა უნდა, ალბათ, 90%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვართ, ვიცით და არ გვავიწყდება, ამით ვამაყობთ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება ჩვენამდე მოვიდა და სწორად გავიგეთ. ის, ნაწილობრივ, ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებებსაც ეხება, რადგან, ვართ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები... შევიტყვეთ განცხადებაც, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, არმიის გენერლის, ნიკოლაი პანკოვის, რომელიც კონკრეტულ კურირებას გაუწევს მობილიზაციას აფხაზეთის რესპუბლიკაშიც...

ის კურირებას გაუწევს [მობილიზაციას] რუსეთში და [აფხაზეთში] მოქალაქეებს, რომლებიც ამ კანონს შეესაბამებიან. სწორად მივიღეთ ყველა ეს განცხადება. ვეთანხმებით და ვიზიარებთ. საჭიროების შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარება, რა თქმა უნდა, ასე მოვიქცევით, მას შემდეგ, რაც მივიღებთ ცალკეულ განკარგულებას ჩვენი პირდაპირი ხელმძღვანელობისგან. 

პანკოვის განცხადება ამბობდა, რომ აფხაზებმა იციან საკუთარი ვალდებულებები. როგორც საბჭოთა დროს ვუყურებდით მოსკოვს, დღესაც ისეთივე ურთიერთობით, ხედვითა და სულისკვეთებით ვიყურებით მოსკოვისკენ.

ასე ვიტყვი, არავის ვალში არ დავრჩებით, რადგან არანაირი ვალი არავის წინაშე არ გვაქვს, მაგრამ მუდამ ახლოს და ერთად ვართ". – თქვა ე.წ. სამხედრო კომისარმა, ბესლან ტარბამ.

ტარბა უშუალოდ დაეყრდნო იმ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგში მარიონეტულმა სოხუმმა სიცრუე უწოდა. 

ტარბას სიტყვებზე კომენტარი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს. მათი თქმით, ტარბას სიტყვები არ ასახავს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პოზიციას და ეს მისი პირადი თვალთახედვაა. ე.წ. თავდაცვის უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასრულებენ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში აქამდე დადებულ შეთანხმებებს.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები