რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნაწილობრივი მობილიზაცია ნიშანია, რომ რუსეთის თავდასხმა მარცხდება – თრასი და ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი გაეროს გენერალურ ოფისში ერთმანეთს შეხვდნენ. განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა კვლავ ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის დახმარების შენარჩუნების მნიშვნელობას.

ლიზ თრასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილება არის სისუსტის დამადასტურებელი და მიანიშნებს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მარცხს განიცდის.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო. 

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები