ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ გალიდან დევნილ ქალს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

კადრი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვიდეოჩანაწერიდან

24 წლის საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინა თაკალანძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივდა.

გადაწყვეტილება სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ 16 სექტემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ აქტიურად მუშაობენ საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები.

თაკალანძე მიმდინარე წლის 20 ივლისს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს.

მარიონეტული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თაკალანძეს არ აქვს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა, არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს ზუგდიდში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს თაკალანძის პირადობის მოწმობა, საკრედიტო და სხვა ტიპის ბარათები და წერილი წარწერით: "სადმე თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში ეს წამალი მომიტანე...".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური თაკალანძეს ბრალად სდებს, რომ მისი მიზანი აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის ინფორმაციის შეგროვება და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემა იყო.

კომენტარები