ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში გალიდან დევნილი ქალი "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს

კადრი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვიდეოჩანაწერიდან

ოკუპირებულ აფხაზეთში გალიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს

თაკალანძე გალის რაიონის სოფელი ნაბაკევიდანაა.

როგორც მარიონეტული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. მათივე ცნობით, თაკალანძეს არ აქვს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა, არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს ზუგდიდში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური თაკალანძეს ბრალად სდებს, რომ მისი მიზანი აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის ინფორმაციის შეგროვება და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემა იყო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებამ ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით აღძრა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს თაკალანძის პირადობის მოწმობა, საკრედიტო და სხვა ტიპის ბარათები და წერილი წარწერით: "სადმე თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში ეს წამალი მომიტანე...".

თაკალანძეს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუს).

"ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს". – წერია განცხადებაში.

კომენტარები