საქართველო-უკრაინა

საქართველოში უკრაინელი ტელეწამყვანი არ შემოუშვეს

რომან დრიბნოი

საქართველოში უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი არ შემოუშვეს. ინფორმაციას ჟურნალისტი INSTAGRAM-ზე თავად ავრცელებს. როგორც დრიბნოი ყვება, მას აეროპორტში საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს და განმარტებების გარეშე უკან გააბრუნეს. 

"თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, წავედი პასპორტის კონტროლზე და იქ იდგა ვიღაც ბიჭი, რომელიც ანაწილებდა ხალხს ჯიხურებთან. უკრაინის პასპორტი რომ დაინახა, მითხრა, თქვენ აი იქით პირდაპირ უნდა წახვიდეთო. პოლიციელები გამესაუბრნენ, როგორც წესია, ყველა შეკითხვა დამისვეს. ჩვენ გვაქვს უფლება მიზეზი არ გავახმოვანოთ, ფურცელზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციასო, იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ვარშავაში გამომიშვეს. თვითმფრინავში ასვლისას დავხედე პასპორტს და ფურცელს, სადაც მიზეზებში ეწერა - "სხვა მიზეზები".  

პარალელურად რუსეთის მოქალაქეებს ატარებდნენ. დაკითხვას უწყობდნენ მაგრამ მაინც უშვებდნენ. სამწუხაროა, რომ არსებობენ ქვეყნები, ზუსტად რომ ვთქვათ მთავრობები, როგორც წყეული რუსეთი. ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარესაა!"- ამბობს ჟურნალისტი. 

უკრაინელი ჟურნალისტი 25 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენის წამყვანი უნდა ყოფილიყო. ის დედა სიდონიას მოწვევით ჩამოვიდა. დედა სიდონია TV პირველთან ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ შემოუშვეს რომან დრიბნოი. 

"ყველაფერს ველოდი ამის გარდა. 25 სექტემბერს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი საქველმოქმედო გამოფენა უკრაინის დასახმარებლად, რომელშიც უნდა ყოფილიყო კონკრეტული ადამიანის ფოტოებიც. მას ჰქონდა საშვი უკრაინის მხრიდან. უკრაინულმა მხარემ უპრობლემოდ ნება დართო ამ გამოფენისთვის ჩამოსულიყო და თბილისის აეროპორტში მიზეზიც არ უთხრეს, თუ რატომ არ შემოუშვეს".- ამბობს დედა სიდონია. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ჟურნალისტის არ შემოშვების მიზეზი ჰკითხა, თუმცა უწყება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. 

კომენტარები