საქართველო-აშშ

დეგნანი: ვაშინგტონში დაბნეულობაა, რატომ არ ემიჯნება მთავრობა ცრუ ბრალდებებს უფრო მკვეთრად

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში "დიდი დაბნეულობაა", თუ რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებსა და აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს. 

"უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს წინააღმდეგ, მაში არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ.  

ნამდვილად დასაფასებელია, რომ 1 კვირის წინ პრემიერმინისტრმა თავისი პოზიცია გამოხატა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია. ამგვარი კონსპირაციული თეორიების გამეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან". - თქვა მან იმედთან ინტერვიუში. [იმედის თარგმანი]   


28 ივნისს სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადეს, რომ  მმართველი გუნდი დატოვეს. მოგვიანებით მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდათ. მათი განცხადებით, მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე განმარტებით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.  

დეპუტატებმა ქართული ოცნების დატოვების დღიდან დაიწყეს ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის მათი სამიზნეა საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, რომელსაც არაერთი წერილი მიუძღვნეს. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საელჩო ცდილობს, საქართველოში ომის მეორე ფრონტი გახსნას და რომ საელჩო ხელისუფლების გადასატრიალებლად "ყველაფერს იკადრებს". 

17 აგვისტოს მათ ელჩმა უპასუხა და თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად განსხვავდებიან ისინი ქართული ოცნებისგან. 

2 სექტემბერს კი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ოთხეულისგან გამიჯვნას შეეცადა და თქვა, რომ დეგნანის კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში. 

კომენტარები