საქართველო-აშშ

პრემიერი: დეგნანის კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომელიც შეეხება ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს და მათ კრიტიკულა პოლემიკას, რომელიც მათ გამართეს აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან. მე ყურადღებით გავეცანი მათ კრიტიკულ კითხვებასაც, წერილებს. ერთი მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს და ყოველთვის ექნება გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ჩვენი მთავარი კონსტიტუციური უფლება და მთავარი ღირებულება.

მეორეს მხრივ, მე მინდა შევახსენო ყველა თანამოქალაქეს, რომ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, ვავითარებთ სტაბილურად ჩვენს ქვეყანას, მე როგორც პრემიერმინისტრი, ჩვენი მთავრობა და ჩვენი მმართველი გუნდი ვართ ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ  ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა, ისეთების როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროპული სახელმწიფოები.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხი ვერ მიაღწევს დიდ წარმატებებს. ჩემი, როგორც პრემიერმინსიტრის როლი არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო  ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, ევროკავშირთან, ეს არის ჩვენი მთავარი გეზი. ასევე, მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე, პოლემიკაც მოვისმინე, ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და გადაჭარბება ასე ვთქვათ, არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა, მე ვფიქრობ არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება გაწეული არაერთი მიმართულებით. 

ყველა სახელმწიფოს და ამერიკას, რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში და ყველაზე ძლიერი, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენლები - ელჩი, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამერიკას, მის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და ჩართულია ყველა იმ პროგრამის განხორციელებაში, რომლის ავტორიც ამერიკაა. მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენ ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ამერიკასთან ურთიერთობას, არამედ დავასუსტებთ.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები