რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი ხარკოვიდან რუსეთში დაბრუნდა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ხარკოვში პოზიციები დიდწილად დათმო და ჯარის დიდმა ნაწილმა უკრაინა დატოვა. მაღალჩინოსნის თქმით, ომში უკრაინელები დაწინაურდნენ, რადგან თავდაცვით სტრატეგიასთან ერთად, ისინი სამხრეთსა და აღმოსავლეთში ტერიტორიების გასათავისუფლებად და დასაბრუნებლად იბრძვიან.

"საერთო ჯამში, ვასკვნით, რომ უკრაინელები პროგრესირდნენ, რადგან ისინი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დროებით ოკუპირებული ნაწილების გასათავისუფლებლად იბრძვიან. ასევე, ხარკოვის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსულმა ძალებმა პოზიციები დიდწილად დათმეს, მათგან ბევრი რუსეთში დაბრუნდა". - თქვა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელმაც Reuters-თან ანონიმურობის დაცვით ისაუბრა. 

12 სექტემბერს ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ ხარკოვში, ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის საზღვრამდე მიაღწიეს, თუმცა მას კონკრეტული ტერიტორიები არ დაუსახელებია. 

ასევე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები უკრაინელებს მასიურად ნებდებიან და თავს დამარცხებულად აცხადებენ. მაღალჩინოსნის თქმით, ამ ნაბიჯით "თავიანთ უიმედო მდგომარეობას იაზრებენ".

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ რაიონებში განაღმვის ოპერაციები მიმდინარეობს. ასევე, უკრაინელები გაქცეულ რუს ჯარისკაცებს ეძებენ. 

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

კომენტარები