ბუჩამდე იყო აფხაზეთი

აფხაზეთში ქართველების გენოციდის ინსპირაციით თბილისში რუსი მხატვრის გამოფენა გაიმართა

Tabula

6 სექტემბერს გალერეა ბაიაში რუსი მხატვრის, ალისა იოფეს გამოფენა War Crimes გაიმართა. პუტინის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მხატვარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. იოფე აქტიურად აკრიტიკებს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას, თბილისში ყოფნისას მხატვარმა ომის თემატიკაზე არაერთი ნამუშევარი შექმნა.

იოფეს თქმით ახალი გამოფენის ინსპირაციის წყარო კამპანია ბუჩამდე იყო აფხაზეთი გახდა. ბუჩამდე იყო აფხაზეთი თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ევროპული საქართველოსა და აფხაზთა კრების ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანია რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარება.

"საქართველოში 6 თვის წინ ჩამოვედი, ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი ადგილობრივი კონტექსტი ვიცოდე. ბევრ ადამიანთან ვურთიერთობ და ნახევარი წლის განმავლობაში არაერთი ისტორია მოვისმინე აფხაზეთის შესახებ. მაგალითისთვის მოვისმინე ამბავი, რომ ქართველი ჯარისკაცების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. ეს მძიმე ისტორიებია, რომლებმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. რუსეთი პასუხისმგებელია ომებზე აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და უკრაინაში. რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ ოკუპაციურ პოლიტიკას აწარმოებს, აქვს იმპერიული გამოხტომები. ამ დამოკიდებულებაზე საუბარი აუცილებელია, მათ შორის უნდა ისაუბრონ რუსებმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ჩემი გამოფენის მიზანია აქ ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს გავაცნო საქართველოს უახლესი ისტორია. ჩვენ გავაკეთეთ კატალოგი სამ ენაზე, რომელშიც მოყვანილია ფაქტები, მაგალითისთვის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება ბორის ელცინმა სერგეი შოუგუს დაავალა, ის დღემდე ხელისუფლებაშია". – ამბობს იოფე.

ექსპოზიციაზე ომის თემატიკაზე შექმნილი 4 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

იოფე პოპულარული რუსი მხატვრის, ანატოლი ოსმოლოვსკის მოსწავლეა. 2015 წელს გამოცემამ Forbes ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ რუს არტისტად დაასახელა. 2017 წელს მიიღო იოსიფ ბროდსკის სახელობის სტიპენდია. თანამშრომლობა ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არის Cartier, Comme des Garcons, Maison Margiela და Bonne Suits. არის რამდენიმე ალბომისა და წიგნის ყდის ავტორი. 2020 წელს ყველაზე წარმატებული რუსი არტისტების ორმოცდაათეულში დაიკავა მეოთხე ადგილი. მისი შემოქმედება ეხება ისეთ არაპოპულარულ თემებს რუსეთში, როგორიც არის გენდერი, LGBT თემი, სოციალური უთანასწორობა. 

ფოტო: ალინა რომანოვა
ფოტო: ალინა რომანოვა

 

კომენტარები