Tbilisi International Conference 2022

სერგეენკო: პაპუაშვილი კონფერენციას გრაფიკის გამო ვერ დაესწრო, შეტყობინება გვიან მიიღო

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას "დიდება უკრაინას" გრაფიკის გამო ვერ დაესწრო, რადგან, მისივე თქმით, მოწვევა გვიან მიიღო.

"პარლამენტის თავმჯდომარის არდასწრების მიზეზი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოკლე შეტყობინება, რამდენიმე საათით ადრე მიიღო მოწვევა და გრაფიკის გადაწყობა გართულდა, ეს იყო ძირითადი მიზეზი". - ამტკიცებს სერგეენკო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კი გუშინ, 5 სექტემბერს ამბობდა, რომ კონფერენციას არ დაესწრებოდა, რადგან "რადიკალიზაციის ნორმალიზებას" ხელს ვერ შეუწყობს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის აზრით კი, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები აფილირებულები არიან რადიკალურ ოპოზიციასთან.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 5 სექტემბერს დაიწყო. მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის ორგანიზებული კონფერენციის წლევანდელი თემა უკრაინაა.

კომენტარები