სპორტის სასახლე

კულტურის სამინისტრო: არასწორია ინფორმაცია, რომ კონცერტების გამართვაზე უარი ჩვენ ვთქვით

საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ანდრეი მაკარევიჩისა (Машина времени) და მაქსიმ გალკინის კონცერტები მათი ინიციატივით არ გაუქმებულა, რადგან, მათივე განცხადების მიხედვით, ძველი სპორტის სასახლე კერძო საკუთრებაა, და იქ "კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას".  

სამინისტროს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კონცერტის ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ. 

"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ვინაიდან ძველი სპორტის სასახლე არ გახლავთ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, იგი კერძო საკუთრებაა უკვე მრავალი წელია. შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას.

რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ.

აქვე შევახსენებთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებს, რომ ახალი სპორტის სასახლე უკრაინისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. შესაბამისად, ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით". - წერია განცხადებაში. 

პლატფორმა BILETEBI.GE-მ კულტურის სამინისტროს გუშინ, 2 სექტემბერს წერილით მიმართა. მათი შეფასებით, კონცერტები პოლიტიკური კონტექსტის გამო გაუქმდა - რადგან არტისტები მხარს უკრაინას უჭერენ.  

1-ელ სექტემბერს კონცერტების ერთ-ერთმა ორგანიზიტორმა, საქართველოში მცხოვრებმა რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ნიკოლაი ლევშიცმა პირად გვერდზე დაწერა, რომ Машина времени-ს , მაქსიმ გალკინისა და ვალერი მელაძის კონცერტების გაუქმების მიზეზად სპორტის სასახლის წარმომადგენლებმა მათ ტექნიკური შეუსაბამობა, სასწრაფო რემონტი და აუდიტი დაუსახელეს.

კომენტარები