თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტმა და დონაძემ აუდიტის დასკვნა ფინანსთა სამინისტროში გაასაჩივრეს

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა და ევროპული საქართველოს წევრმა, ბესო დონაძემ აუდიტის მიკერძოებული დასკვნის შესახებ ფინანსთა სამინისტროში საჩივარი შეიტანეს. 

"ჩვენი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანა სპორტ ჰაუსის მიერ წარმოდგენილი და აუდიტის მიერ დადასტურებული ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს. ჩვენს მიერ აღმოჩენილი დარღვევები ფართო საზოგადოებას, ბრიფინგის საშუალებით, 2022 წლის 17 აგვისტოს გავაცანით. 2022 წლის 18 აგვისტოს ისნის რაიონის გამგეობამ გადახედა მის გადაწყვეტილებას და სპორტ ჰაუსისთვის გამარჯვების მინიჭების ოქმი გააუქმა. 

აუდიტორმა, მისი გულგრილი დამოკიდებულებით და დოკუმენტაციის არასრულად შესწავლით, შესაძლებელი გახადა ისნის გამგეობას გამარჯვება მიენიჭებინა შეუსაბამო და დარღვევების მქონე კომპანიისთვის. სახეზე გვაქვს აუდიტის მიერ არაკეთილსინდისიერი მუშაობა, რაც გვიჩენს კორუფციული გარიგების ეჭვს". - წერია სარჩელში. 

17 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტმა ისნის გამგეობასთან ბრიფინგი გამართა, სადაც ორგანიზაციის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა თქვა, რომ ისნის გამგეობის გამოცხადებულ ტენდერში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირმა გაიმარჯვა. თავისუფლების ინსტიტუტი აცხადებდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია და ბიუჯეტი არ აკმაყოფილებს გონივრულობის სტანდარტსა და ატარებს შესაძლო კორუფციის ნიშნებს.

ისნის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში ნათქვამი იყო, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ 2 დღის განმავლობაში უნდა შეიძინოს და დაიქირაოს საჭირო საქონელი, პერსონალი და ინვენტარი, მათ შორის სივრცე, სადაც უნდა დაეტიოს არანაკლებ 70-75 ადამიანისა და აღჭურვილ იქნას კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკით.

გამარჯვებული კომპანიის მიერ მომსახურეობის შეთავაზებული ფასი დ.ღ.გ-ს გარეშე 4 441 ლარს შეადგენს. ვინაიდან აღნიშნული თანხა გამოცხადებული ტენდერის ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებია, კომპანიამ წარადგინა აუდიტის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ შ.პ.ს სპორტ ჰაუსის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა აბსოლუტურად გამართულია და მას ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სრულად და შეუფერხებლად შეუძლია.

მაგალითად, კომპანია ამტკიცებდა, რომ ფილმის ჩვენებისა და დისკუსიისთვის საჭირო დარბაზის ინვენტარით დაქირავებას, სადაც განსაზღვრული რაოდენობის ადამიანი დაეტევა, 100 ლარად შეძლებს. თუმცა, ორ დღეზე გათვლისას და ღირებულების დაჯამებისას ვხვდებით ტექნიკურ შეცდომას, სადაც ჯამური ოდენობა არა 200, არამედ 300 ლარია. მსგავსი ტიპის ხარვეზია ფოტოგრაფთან მიმართებითაც, რომლის დღიური ანაზღაურება 100 ლარია, თუმცა, ორგანიზაციის მიხედვით, მისი ორი დღით დაქირავებაც იგივე ფასადაა შესაძლებელი. 

გარდა არასწორად დაჯამებული გამოთვლებისა, კომპანიის მიერ ტენდერით გათვალისწინებული საქონლის შეძენისა და დამზადების ღირებულებები ზოგად ფასების ბაზართან თანხვედრაში არ მოდიოდა. მაგალითად, 300 ერთჯერადი მოხმარების თეფშისთვის, რომლის ფასიც, ჩვეულებრივ პირობებში, 10 ლარამდე მერყეობს, კომპანია 300 ლარს გამოყოფს. ასევე, ხარჯთაღრიცხვიდან ვიგებთ, რომ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული პირი საწერი კალმის შეძენასა და ბრენდირებული ბლოკნოტის დამზადებას ერთსა და იმავე თანხაში შეძლებდა.

კომენტარები