პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია: ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნა პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. 

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბაქრაძის დანიშვნა, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ "ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად".

"ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანაშული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე".- აღნიშნულია განცხადებაში. 

22 ივლისს საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან, 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა. 

"5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან".- თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის ამ განცხადებას ქართული ოცნების უკმაყოფილება მოჰყვა. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ეს ზურაბიშვილის ფუნქცია არაა და "ალბათ, საჭიროა ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს".

6 ივნისს მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში 25 ივნისს მიიღო.   

ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესში უმოქმედობას, ანუ თანხმობის არმიცემას ედავება. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობამ პრეზიდენტს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზა, კანადაში კი კახა იმნაძის, რაზეც პრეზიდენტმა თქვა უარი და საკონსტიტუციო სარჩელი ამ პირებს შეეხება. ქართული ოცნების განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

კომენტარები