პოლონეთი

სამხრეთ კორეამ და პოლონეთმა ჯავშანტექნიკაზე $5.8-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმეს

სამხრეთ კორეის წარმოების ტანკი - K2 Black Panther

სამხრეთ კორეის ორმა კომპანიამ პოლონეთთან ჯავშანტექნიკის გაყიდვის $5.76-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტს ხელი პოლონეთში, 26 აგვისტოს მოეწერა. ეს სამხრეთ კორეის მხრიდან შეიარაღების გაყდივის ყველაზე დიდი შეთანხმებაა, რომელიც პოლონეთთან გასულ თვეში შეთანხმდა.

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ პოლონეთი Hyundai Rotem Co.-სგან K2 Black Panther-ის ტიპის ტანკებს მიიღებს, ხოლო Hanwha Corp.-ისგან K9 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს.

მხარეები არ აცხადებენ, თუ რა ჯდება მთლიანი შეთანხმება, რომელიც სამხრეთ კორეის მედიის ვარაუდით 20 ტრილიონ ვონს, ანუ $15 მილიარდს აღწევს.

შეთანხმების ფარგლებში, პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 180 ერთეული K2-ის ტიპის ტანკის, დაუზუსტებელი რაოდენობის ჰაუბიცებისა და 48 ერთეული FA-50-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის შესყიდვას დათანხმდა. 

სამხრეთ კორეის იარაღის შესყიდვის სააგენტოში ამბობენ, რომ 26 აგვისტოს გაფორმებული კონტაქტი მოიცავს შეთანხმების პირველ ნაწილს. არ დაუზუსტებიათ იმ ჯავშანტექნიკის რაოდენობა, რომელსაც პირველი კონტრაქტი მოიცავს. შეთანხმების თვითმფრინავებზე გაფორმება მომდევნო თვეშია მოსალოდნელი.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, NATO-ს ქვეყნებმა საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებზე ზრუნვა აქტიურად დაიწყეს. ვარშავამ ძველი შეიარაღების ნაწილი, მათ შორის ტანკები, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა.

კომენტარები