ავღანეთი

გაერო ჰუმანიტარული დახმარების სამსახური: 6 მილიონ ავღანელს შიმშილი ემუქრება

washington post

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური ხელმძღვანელის, მარტინ გრიფიტსის ინფორმაციით, კრიზისის გაღრმავებასთან ერთად 6 მილიონ ავღანელს შიმშილი ემუქრება, ხოლო ქვეყნის 36 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. გაერო მოუწოდებს დონორებს, აღუდგინონ ავღანეთს დახმარება.

მარტინ გრიფიტსმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, რომ ავღანეთი მრავალი კრიზისის წინაშე დგას - ჰუმანიტარული, ეკონომიკური, კლიმატის, შიმშილისა და ფინანსური. მისივე თქმით, დონორებმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყონ 770 მილიონი აშშ დოლარი, რათა მოსახლეობა ცივ ზამთარს გადაურჩეს.

“სიღარიბე ღრმავდება, მოსახლეობა ზრდას განაგრძობს, დე ფაქტო ხელისუფლებას არ აქვს ბიუჯეტი, რომ საკუთარ მომავალში ფული ჩადოს. ჩვენთვის ცხადია, რომ განვითარებისთვის გარკვეული მხარდაჭერა უნდა აღდგეს". - თქვა მარტინ გრიფიტსმა.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქაბულის დაცემის შემდეგ, წინააღმდეგობა დაიწყო პანჯშირის პროვინციაში. აქ დაარსდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, რომელსაც აჰმად მასუდი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი უძრვებიან. მას შემდეგ, რაც თალიბანმა პანჯშირის ხეობაზე შეტევა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა დიდი ტერიტორიები დაკარგეს. თალიბანი აცხადებს, რომ ხეობაზე კონტროლი მოიპოვეს.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები