დუგინის შვილის აფეთქება

აზოვი: დარია დუგინას მკვლელობაში ФСБ-ის ეჭვმიტანილთან არავითარი კავშირი არ გვაქვს

სამხედრო აზოვის პოლკის ემბლემით

აზოვის ცნობით, ქალს, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ-ის) მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, პოლკთან არაინაირი კავშირი არ აქვს. 

"ქალს, რომლის სახელი და სამხედრო პირადობის მოწმობა გამოაქვეყნა ФСБ-მ რუსი პროპაგანდისტის დუგინის ქალიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის გამოძიების ანგარიშში, არავითარი კავშირი არ აქვს აზოვის პოლკთან და არასოდეს ეკუთვნოდა ჩვენს ქვედანაყოფს". - ვკითხულობთ აზოვის Telegram-ზე. 

მათი თქმით, გამოქვეყნებული დოკუმენტი ყალბია. განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პოლკი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს არ ენდობა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით კი მათ რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს. ისინი აფეთქების მოწყობაში ბრალს 1979 წელს დაბადებულ ნატალია ვოვკს სდებენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ФСБ-ს მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ არის მოწყობილი.

თავის მხრივ, პუტინისტი პროპაგანდისტის, დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ეროვნული რესპუბლიკური არმია იღებს. Утро Февраля-ს დამფუძნებლის, პოლიტიკოს ილია პონომარევის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც. დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებითაც იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრებათ.

20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

კომენტარები