დუგინის შვილის აფეთქება

სიკვდილის შემდეგ, პუტინმა დარია დუგინა მამაცობის ორდენით დააჯილდოვა

დარია დუგინა

სიკვდილის შემდეგ, დარია დუგინა მამაცობის ორდენით დაჯილდოვდა. კრემლის პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა.

"პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობისა და თავდადებისთვის, მამაცობის ორდენით დააჯილდოვა დარია ალექსანდროვნა დუგინა", - ვკითხულობთ განკარგულებაში.

20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

 

კომენტარები