თავისუფლების ინსტიტუტი

Liberty Institute: ისნის გამგეობამ გააუქმა ტენდერში ოცნებასთან დაახლოებული პირის გამარჯვება

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, ისნის რაიონის გამგეობამ გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულად ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირთან დაკავშირებულმა კომპანია სპორტ ჰაუსმა გაიმარჯვა.

"სატენდერო კომისიამ სპორტ ჰაუსის წარმოდგენილი დოკუმენტები დაუბრუნა შერჩევა-შეფასების ეტაპს. გამგეობა უნდა მოიქცეს კანონის შესაბამისად და კომპანია სპორტ ჰაუსს მისცეს დისკვალიფიკაცია.

ტენდერში შპს სპორტ ჰაუსის გამარჯვება ატარებს კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშნებს, რადგან კომპანიის მფლობელის მეუღლეს, ლაშა არჩვაძეს, ახლო კავშირები აქვს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებთან და სამსახურით უკავშირდება ქართულ ოცნებას, კერძოდ, ლაშა არჩვაძე არის მერიის თანამშრომელი, იყო ქართული ოცნების გლდანის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდულის თავმჯდომარე, დაახლოებულია ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან (კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე, დიტო სამხარაძე), მათ შორის ტენდერის გამომცხადებელთან (გამგეობის თანამშრომელ გია ბულაშვილთან), ისნის რაიონის გამგებელთან (ნიკა ელისაშვილთან) გამგეობის თანამშრომლებთან და ისნის მაჟორიტართან და საკრებულოს წევრთან კახა ლაბუჩიძესთან". – ნათქვამია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.

ტენდერში მონაწილეობას იღებდა თავისუფლების ინსტიტუტიც, რომელიც გეგმავდა აფხაზეთში რუსეთის დანაშაულებების შესახებ შემეცნებითი ფილმის სასკოლო ვერსიის ჩვენებას.

17 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტმა ისნის გამგეობასთან ბრიფინგი გამართა, სადაც ორგანიზაციის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა თქვა, რომ ისნის გამგეობის გამოცხადებულ ტენდერში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირმა გაიმარჯვა. თავისუფლების ინსტიტუტი აცხადებდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია და ბიუჯეტი არ აკმაყოფილებს გონივრულობის სტანდარტსა და ატარებს შესაძლო კორუფციის ნიშნებს.

ისნის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში ნათქვამი იყო, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ 2 დღის განმავლობაში უნდა შეიძინოს და დაიქირაოს საჭირო საქონელი, პერსონალი და ინვენტარი, მათ შორის სივრცე, სადაც უნდა დაეტიოს არანაკლებ 70-75 ადამიანისა და აღჭურვილ იქნას კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკით.

გამარჯვებული კომპანიის მიერ მომსახურეობის შეთავაზებული ფასი დ.ღ.გ-ს გარეშე 4 441 ლარს შეადგენს. ვინაიდან აღნიშნული თანხა გამოცხადებული ტენდერის ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებია, კომპანიამ წარადგინა აუდიტის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ შ.პ.ს სპორტ ჰაუსის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა აბსოლუტურად გამართულია და მას ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სრულად და შეუფერხებლად შეუძლია.

მაგალითად, კომპანია ამტკიცებდა, რომ ფილმის ჩვენებისა და დისკუსიისთვის საჭირო დარბაზის ინვენტარით დაქირავებას, სადაც განსაზღვრული რაოდენობის ადამიანი დაეტევა, 100 ლარად შეძლებს. თუმცა, ორ დღეზე გათვლისას და ღირებულების დაჯამებისას ვხვდებით ტექნიკურ შეცდომას, სადაც ჯამური ოდენობა არა 200, არამედ 300 ლარია. მსგავსი ტიპის ხარვეზია ფოტოგრაფთან მიმართებითაც, რომლის დღიური ანაზღაურება 100 ლარია, თუმცა, ორგანიზაციის მიხედვით, მისი ორი დღით დაქირავებაც იგივე ფასადაა შესაძლებელი. 

გარდა არასწორად დაჯამებული გამოთვლებისა, კომპანიის მიერ ტენდერით გათვალისწინებული საქონლის შეძენისა და დამზადების ღირებულებები ზოგად ფასების ბაზართან თანხვედრაში არ მოდიოდა. მაგალითად, 300 ერთჯერადი მოხმარების თეფშისთვის, რომლის ფასიც, ჩვეულებრივ პირობებში, 10 ლარამდე მერყეობს, კომპანია 300 ლარს გამოყოფს. ასევე, ხარჯთაღრიცხვიდან ვიგებთ, რომ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული პირი საწერი კალმის შეძენასა და ბრენდირებული ბლოკნოტის დამზადებას ერთსა და იმავე თანხაში შეძლებდა.

კომენტარები