საგამოძიებო: პატიმარმა ბადრაგს იარაღი ამოაცალა, 2-ჯერ გაისროლა და თავში დაზიანება მიიყენა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 20 აგვისტოს, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სამსახურის განცხადებით, ბრალდებული დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ გაისროლა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით მეორედაც გაისროლა. საგამოძიებოს ცნობით, 2 გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა ბრალდებულმა შემდეგ იმავე იარაღიდან დაზიანება თავის არეში მიიყენა.

"მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა". – ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

პატიმრის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ციხიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დღეს, 20 აგვისტოს კი უთხრეს, რომ მან თავში გამჭოლი ჭრილობა მიიყენა და ტვინის დაზიანება აქვს.

"ფსიქიატრიულში გადმოუყვანიათ, ვიფიქრე, რომ ალბათ კარგია, ფსიქიატრიულში რადგან არის-მეთქი. ფანჯრიდან დავინახე გუშინ, მეგონა, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად. მოვდივარ დღეს დილით და მეუბნებიან, რომ ბავშვს აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტოტალური ტვინის დაზიანება. ოპერაცია ტარდებაო. გამაგებინეთ, რანაირად მოხდა? რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ გაირტყა? 

გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან გადაეყვანათ ისევ უკან ციხეში. გადაწყვიტეს, რომ 1 დღეში ბიჭი გამოკეთდებოდა. არ იყო კარგად, არ იყო მზად, რომ ციხეში გადაეყვანათ". – ამბობს ის.

კომენტარები