რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: აზოვსტალის მცველების პროცესის დროს რუსებმა, შესაძლოა, ტერორისტული აქტი მოაწყონ

რუსეთი აზოვსტალის დატყვევებული მცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვას გეგმავს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, რუსეთი აზოვსტალის მცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვას გეგმავს. დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტები აგროვებენ ციხის საკნებს მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე დასადგამად.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპანტები "მოწმეებს" ამზადებენ და პროცესზე რუსული მედია მიჰყავთ. 

"ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რომელსაც რაშისტები განიხილავენ, არის სარაკეტო თავდასხმა შენობაზე. თუ ასეთი შეთქმულება განხორციელდება, რაშისტები  ჩადენილი დანაშაულის უკრაინაზე გადმობრალებას შეეცდებიან, როგორც სჩვევიათ". - წერს უკრაინის დაზვერვა.


რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. 29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსი დამპყრობლებისგან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლდება.

 

კომენტარები